იცხოვრო ფეხის თითებზე - საკუთარი საწყისის დავიწყებას ნიშნავს, რომელიც ასევე სინათლის და აღტაცების წყაროა. იცხოვრო ფეხის თითებზე - შეგნებულად ნეგატიურ, დამანგრეველ სამყაროსთან, ცდუნების სამყაროსთან მეგობრობას ნიშნავს, სადაც შფოთი და მღელვარება მძვინვარებს.
ფეხის თითებზე ცხოვრების შეწყვეტის ერთადერთი გზაა, ვიგრძნოთ საკუთარი თავი ღვთის ქმნილებად. შემოქმედი ვერასოდეს ვერ უგულებელყოფს ქმნილებას. როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვენ არ ვანადგურებთ პატარა ნახატსაც კი, რომელიც ჩვენ დავხატეთ. მაშ, როგორ შეუძლია ღმერთს-შემოქმედს, რომლის ქმნილებაც სხვა არაფერია, თუ არა მისი საკუთარი არსებობის-რეალობის პროექცია, გაანადგუროს სამყარო? ყოველი ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ მისი შექმნა უზენაესის მოთხოვნილება იყო, მისი შენარჩუნება უზენაესის მოთხოვნილებაა და მისი განხორციელება ღვთაებრივი გზით ასევე უზენაესის მოთხოვნილებაა.
ფეხის თითებზე ცხოვრების ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ უფლის ღვთაებრივი სიამაყის შუაგულში იმ პირობით, თუ გრძნობთ, რომ თქვენი პირადი მოვალეობაა, თქვენი ერთადერთი მოვალეობაა, გვერდზე მოისროლოთ თქვენი საკუთარი მოთხოვნილებები და გაერთიანდეთ თქვენი საყვარელი უზენაესის ღვთაებრივ მოთხოვნილებასთან. თქვენი საკუთარი მოთხოვნილება სურვილებითაა აღსავსე და როდესაც ისინი გისრულდებათ, მაშინ საშინელი ნგრევა იწყება. ასე რომ, თუ გინდათ ჭეშმარიტი კმაყოფილება ნახოთ, მაშინ ის სწორ ადგილას მოძებნეთ - ღვთის სიმაღლე-შებრალებაში. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შეგიძლიათ მოიპოვოთ თქვენი საკუთარი უფლება კმაყოფილებისა.
თქვენ სულიერების გზას მიჰყვებით. თქვენი გული თავად მისწრაფებაა. მისწრაფების ცხოვრებაში თქვენ ემზადებით სრული მორჩილების ცხოვრებისთვის. თქვენ არა მხოლოდ ერთნაირი სიხარულით, ერთნაირი სიყვარულით, ერთნაირი ნდობით და ერთნაირი რწმენით განუდგებით არა მხოლოდ თქვენი მისწრაფების და ერთგულების ცხოვრებას, არამედ ასევე თქვენი სურვილისა და უვიცობის ცხოვრებას. მაშინ გაქრება ღმერთისგან დამალვის მოთხოვნილება ან საკუთარი აზრების დამალვის მცდელობა. თქვენ და მთელი თქვენი არსებობა ყოველთვის უნდა იყოს დავანებული უზენაესში. ეს თქვენთვის ერთადერთი გზაა გახდეთ სავსებით სრულყოფილები და განუყოფლად ერთნი მარადისობის სინათლესთან-ხილვასთან და უსასრულობის აღტაცებასთან-გამოვლენასთან.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1