ნგრევა ძალიან რთული ტერმინია. ცხოველურ სამყაროში ნგრევა დროდადრო საჭიროა გარდაქმნისათვის. სხვა შემთხვევაში კი ნგრევა უარყოფითი ძალაა, სიბნელის ძალაა, ის საერთოდ არც გამამხნევებელი, არც სასარგებლო და არც ნაყოფიერია. აზრთა სამყაროც კი, რომელიც ასე გვიადვილებს ცხოვრებას, შეიძლება სრულიად დამანგრეველი იყოს. საკუთარი თავის გასანადგურებლად ჩვენ სხვა არავინ გვჭირდება. ერთი არაჯანსაღი, სამარცხვინო აზრი საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი მენტალური წონასწორობა დაინგრეს და როდესაც ჩვენ ვკარგავთ მენტალურ წონასწორობას, ვკარგავთ ყველაფერს.
შესუნთქვისას ჩვენ შევისუნთქავთ უამრავ პაწია ღვთის ქმნილებებს. იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ, ჩვენ უნდა ვისუნთქოთ და მათ მოუწევთ ჩვენ მსხვერპლად იქცენ. როდესაც ისინი კვდებიან, ჩვენ კეთილ გულს, თავისი ერთობის ძალიდან გამომდინარე, თავი უბედურად უნდა ეგრძნო. მაგრამ, როდესაც შევდივართ რეალობის უფრო ღრმა სფეროში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეგრეთწოდებული ნგრევა, საერთოდ არ ყოფილა ნგრევა. ღვთის კოსმიურ გეგმაში ეს მიღებული გზაა ჩვენი სიცოცხლის გაგრძელებისთვის. ის, რასაც ზოგიერთი ნგრევას უწოდებს, სინამდვილეში წინ გადადგმული ნაბიჯია ამ ღვთის პაწია ქმნილებებისთვის, რადგან სული ვითარდება სიკვდილისა და ხელახალი დაბადების პროცესში.
ფლობის სამყაროში ჩვენ ვფლობთ, რათა ვისიამოვნოთ. მაგრამ ფლობისას ჩვენ მიუკერძოებლები ვერ ვრჩებით. ჩვენ გვსურს ეს და არ გვსურს ის. ჩვენი განცალკევებულობის გრძნობის გამო ერთ-ერთს ვამჯობინებთ, მაგრამ ვამჯობინებთ ჩვენი ადამიანური გაგებით. ჩვენ ვამჯობინებთ იმას, რაც სტიმულს გვაძლევს ან იმას, რაც მოგვიტანს მყისიერ სიხარულს და კმაყოფილებას. რაც შეეხება ღმერთს, ის მიუკერძოებელია. ის ყველაფერს ხედავს, როგორც საკუთარს და ყველაფერში უდიდეს სარგებელს და აუცილებლობას გრძნობს.
ჩვენ გვინდა სამყაროს ვფლობდეთ, მაგრამ ათვისების უნარი იმდენად შეზღუდული გვაქვს, რომ არჩევნის გაკეთება გვიწევს ამასა თუ იმას შორის. რაც შეეხება ღმერთს, ის არ ირჩევს, ის არაფერს ანიჭებს უპირატესობას; ის ყველაფერს ფლობს. მას სურს გამოავლინოს თავისი საკუთარი ღვთაებრიობა, რომელიც თავის თითოეულ ქმნილებაში ჩასახა. დამანგრეველ უვიცობის ძალებსაც კი აქვთ გარკვეული სინათლე. ღმერთს სურს ის უსასრულოდ მცირე სინათლის წვეთიც კი, რომელიც უვიცობის ძალებს აქვთ, გამოიტანოს წინა პლანზე. ჩვენ, ღმერთის მსგავსად, უნდა დავინახოთ ღვთაებრიობა უვიცობის ძალებში. მოდით, ნუ ჩავთვლით, რომ გარე სამყარო პირველ ადგილზე დგას; მოდით, გარე სხეულს მთელ ყურადღებას ნუ დავუთმობთ, რომელიც შეიძლება ღვთაებრივი არც არის. ქმნილების გარე სხეულის ნაცვლად, ჩვენ საქმეს დავიჭერთ მეტწილად ღვთაებრივთან, ქმნილების შიდა რეალობასთან, და შევეცდებით გარდავქმნათ რეალობა-სხეული, რათა ისიც ასეთივე სრულყოფილი გახდეს, როგორიც რეალობა-სულია.
ღვთაებრივ სამყაროში გასხივოსნება სრულყოფილებაა. ეს გასხივოსნება არასოდეს უარყოფს ფლობის სამყაროს ან ნგრევის სამყაროს. მას ადვილად შეუძლია ჩატიოს საკუთარ თავში ფლობის სამყარო და ნგრევის სამყარო. როდესაც ის შედის ნგრევის სამყაროში, მას წინა პლანზე ენერგია გამოაქვს, რადგან ნგრევას უსაზღვრო ენერგია აქვს. მას წინა პლანზე ღვთის ქმნილების ასპექტი-ენერგია გამოაქვს, და შემდგომ იყენებს მას ღვთაებრივი მიზნისთვის. როდესაც გასხივოსნება შედის ფლობის სამყაროში, ის ეუფლება ყველაფერს, ის არაფერს გამორიცხავს. მას წინა პლანზე ღვთაებრიობის არსი გამოაქვს, რომელიც ყველაფერშია. როდესაც ღვთაებრიობა წინა პლანზე გამოდის, გარე სხეულიც კი ადვილად შეიძლება გარდაიქმნას. გასხივოსნების სამყარო არ გამორიცხავს არც ფლობის და არც ნგრევის სამყაროს. გასხივოსნება მიღების სამყაროა.
ღმერთმა შექმნა მთელი სამყარო საკუთარი კმაყოფილებისთვის. მაგრამ მისი კმაყოფილება ჩვენს კმაყოფილებას არ ჰგავს. მოთხოვნების წაყენება და ფლობა, თქმა იმისა: „ეს ჩემია, ამას ვფლობ“ - ჩვენი კმაყოფილებაა. რაც შეეხება ღმერთს, ის ყოველთვის ხედავს საკუთარ ქმნილებას და საკუთარ არსებას, როგორც ერთიანს. ჩვენს შემთხვევაში, ფლობა კიდევ სხვა რაღაცას ან ვიღაცას გულისხმობს. ჩვენ ვამბობთ: „მე მფლობელი ვარ, შენ კი საკუთრება ხარ.“ შემდეგ ვგრძნობთ, რომ აღვემატებით ჩვენს საკუთრებას, რადგან ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია მასთან მიმართებაში. ღმერთი კი გრძნობს, რომ ის და მისი საკუთრება ერთი და იგივეა; ისინი თანასწორნი არიან.
ზოგჯერ ქმნილება წინ აღუდგება თავის შემოქმედს. მშობლები თავიანთი შვილების შემოქმედნი არიან. როდესაც შვილები იზრდებიან, და შედიან სიყმაწვილის ასაკში, ხშირად უჯანყდებიან მშობლებს. ქმნილება შეიძლება ძლიერი გახდეს და გასცდეს შემოქმედის ხილვას. რაც შეეხება ღმერთს, ის თავისი ხილვით ქმნის, თუკი ეს ქმნილება სცდება მის რეალობა-ხილვას, ის არ გრძნობს თავს მოწყენილად ან უბედურად. პირიქით, ეს ისაა, რაც მას სინამდვილეში სურს. თავისი სამყაროს ხილვაში ღმერთი ხედავს ერთ რეალობას, მაგრამ ამ რეალობის შიგნით ბევრი რეალობაა აყვავებული.
თუ ვიღებთ იმას, რაც გვსურს, ჩვენ გარკვეული ხნით ვკმაყოფილდებით. მაგრამ ერთი ცენტით ზედმეტი თუ მივიღეთ, ვიდრე ჩვენ გვსურდა, უკმაყოფილონი ვართ, რადგან ეს მთლად ის არაა, რაც გვსურდა. ჩვენ გვსურს ფლობა, მაგრამ თუ ცოტათი მეტია, ან ნაკლები იმაზე, რაც გვინდოდა, უკმაყოფილონი ვართ, რადგან ადამიანის სურვილი იმდენად შეზღუდულია, რომ ჩვენ რაიმეს მიღება გვსურს ზუსტად ისე, როგორც ეს ჩვენმა გონებამ ჩაიფიქრა. რაც შეეხება ღმერთს, ის მაშინვეა კმაყოფილი, როგორც კი ქმნის თავისი ხილვის პროექციას. მაშინაც კი, თუ ის სხვაგვარად ვლინდება, ღმერთი დიდი სახარულით ივსება. ჩვენ, როგორც კი სასურველს დავისახავთ, ველით გარკვეულ შედეგს, თუკი შედეგი არ ემთხვევა ჩვენს მოლოდინს, უბედურად ვგრძნობთ თავს. ღმერთისთვის გეგმის დასახვაც კი საკმარისზე მეტია მისი კმაყოფილებისთვის.
ნგრევა დროდადრო აუცილებელია არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ ასევე დინამიური ენერგიის წინა პლანზე გამოტანისთვის, რომელიც ახლა საზიანოდ გამოიყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლეთარგიისა და ძილის სამყარო დაფარავს სულის დაუცხრომელ ენერგიას. ფლობა თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რას ვფლობდეთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, - მოვალეობა, სილამაზე, სინათლე და აღტაცებაა. სწორედ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გამოვიტანოთ წინა პლანზე. ჩვენ იმ საგნებს კი არ დავეუფლებით, რომლებიც მონებად გვაქცევენ, მაშინაც კი როდესაც ჩვენ მათ ვფლობთ, არამედ იმ საგნებს, რომლებიც ერთობის სიმღერას იმღერებენ. გასხივოსნება ყველაფრის მიღებაა - ნგრევის, ფლობის, ყველაფრის - მაგრამ მხოლოდ გარდაქმნისათვის.
გონება ეხლა იმყოფება ადამიანთა სამყაროში, ცდუნების სამყაროში. თვალები რაღაც მშვენიერს ხედავენ და დაუყოვნებლივ აცდუნებენ გონებას: მივიდეს და ხელი სტაცოს მას. არსების ყოველი ნაწილი ცდუნების ობიექტია და ცდუნება თავს ესხმის მას.
ცდუნების სამყაროში მუდმივი ბრძოლაა, თოკის გადაწევა მიმდინარეობს ცდუნებასა და გასხივოსნებას შორის. ცდუნებას თავისი საზღვრების გაფართოება სურს, მაგრამ მაშინაც კი, როცა ფართოვდება, მაინც ვერ კმაყოფილდება, რადგან ცდუნებას ყოველთვის იმედგაცრუება მოჰყვება. ის უცვლელ კმაყოფილებას ეძებს გამუდმებით - იქ, აქ, ყველგან. როდესაც ის ხედავს გასხივოსნებას, ბოლოს ნებდება, რადგან ხედავს, რომ გასხივოსნება კმაყოფილებას განასახიერებს.
გასხივოსნება გარს ერტყმის ნგრევის, ფლობის და ცდუნების სამყაროს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ მივისწრაფოდეთ გასხივოსნებისკენ, რათა ვიხსნათ ჩვენი მიწიერებას მიჯაჭვული ცხოვრება ნგრევის სამყაროსგან და ჩვენი მიწიერებას მიჯაჭვული ცხოვრება თავისუფალ სამყაროდ გარდავქმნათ.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1