წუთიერი ცხოვრება - აი, ის ყველაფერი, რაც გვაქვს. მაშინ რატომ უნდა ვუსმენდეთ ფიზიკური სამყაროს კარნახს, ცდუნების სამყაროს კარნახს? რატომ? რატომ არ ვუსმენთ ყოვლის გამასხივოსნებელ და ყოვლის ამსრულებელ სულის კარნახს? რატომ? რატომ? რატომ ყოველ ღამეს, მთელი ღამის განმავლობაში ვნადიმობთ ზღვასთან-უვიცობასთან? რატომ ვთამაშობთ ყოველ დღე, მთელი დღის განმავლობაში ურჩხულთან-სიბნელესთან? რატომ? რატომ? რატომ არ გვიყვარს ღმერთი თუნდაც პირობითად, თუ შეუძლებელია გვიყვარდეს იგი უპირობოდ? რატომ? რატომ?
წუთიერი ცხოვრება - აი, ის ყველაფერი, რაც გვაქვს. რატომ არ ვახარებთ ღმერთს ცოტათი მაინც, თუ არ შეგვიძლია მივანიჭოთ მას სრული და უპირობო სიხარული? რატომ? რატომ? ნუთუ ვერ ვეტყვით ღმერთს ერთხელ და სამუდამოდ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენი წინა ცხოვრება ბოლო წამამდე ჩავაბარეთ ღამეს-უვიცობას, ამიერიდან ჩვენ ამ წუთიერ ცხოვრებას მხოლოდ მას ჩავაბარებთ? ნუთუ ვერ მივცემთ ღმერთს სრულ უფლებას, დაგვმოძღვროს, გვძერწოს და გვზარდოს ისე, როგორც მას სურს? რადგან ჩვენ დავმარცხდით უვიცობის ბრჭყალებში, ნუთუ ვერ მივცემთ ღმერთს შესაძლებლობას გაუძღვეს ჩვენს ცხოვრებას? თუ ღმერთი დამარცხდა, მაშინ ვნახოთ, თვითონ რას მოვუხერხებთ ჩვენს ცხოვრებას. მაგრამ ჩვენი მხრიდან უპრიანი არ იქნება, ყველა შემთხვევაში, ღმერთს მივცეთ შანსი, როგორც ბევრჯერ მიგვიცია ღამისთვის-უვიცობისთვის? ნუთუ ჩვენ მოკლე ინკარნაციას ვერ შევთავაზებთ ღმერთს და მხოლოდ ღმერთს? თუ ჩვენ სიცოცხლეს ღმერთს შევთავაზებთ, მაშინ ჩვენი მიწიერი ცხოვრება შეიძლება წლებით მოკლე იყოს, მაგრამ ჩვენი ზეციური მიღწევები სამუდამოდ გაგრძელდება.
ღმერთი გვეუბნება ჩვენ: „შვილნო ჩემნო, მე დაგპირდით, რომ ბოროტად არ გამოგიყენებთ, რომ შეცდომაში არ შეგიყვანთ. მე დაგიმტკიცებთ, რომ შემიძლია თქვენგან ახალი პიროვნებების, ახალი რეალობების და ახალი ღვთაებრიობების შექმნა. მხოლოდ მომეცით შანსი, როგორც არაერთხელ მიგიციათ შანსი უვიცობისთვის. მომეცით შანსი მხოლოდ ამ მოკლე, წუთიერი ცხოვრებისთვის, და ნახეთ, რისი გაკეთება შემიძლია თქვენთვის, თუ ვერ ხედავთ იმას, რაც უკვე გამიკეთებია თქვენთვის.
შვილნო ჩემნო, მომეცით შანსი და ნახეთ, რა შემიძლია გავაკეთო ამ თქვენ წუთიერ ცხოვრებაში. ეს წუთიერი ცხოვრება შეიძლება გაფართოებულ და გახანგრძლივებულ იქნას, თუ თქვენ მოინდომებთ განჭვრეტოთ ჩემი ღვთაებრიობა თქვენი გულის განდგომით და თქვენი სულის ერთობით. წუთიერი ცხოვრება არ უნდა იყოს და ვერც იქნება ბოლო სიტყვა დედამიწის არენაზე. მხოლოდ დაუსრულებელ ცხოვრებას, რომელიც არც დაბადება აქვს და არც სიკვდილი, შეუძლია დააკმაყოფილოს ადამიანი, მომავალი ღმერთი.“From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1